"შეხვედრებზე შეგროვილ ინფორმაციას პროგრამების შემუშავებისას გავითვალისწინებთ"
17 აგვისტო 2019
„გრძელდება ადგილობრივი თვითმმართველობის, პარლამენტის და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების ღია შეხვედრებს მოსახლეობასთან. ეს არის „ქართული ოცნების“ ინიციატივა. ხელისუფლების შეხვედრები ძალიან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ყველა სოფელში, ყველა რეგიონში,“ - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების არალის, ბოლაჯარისა და მოხეს მოსახლეობასთან შეხვედრების შემდეგ განაცხადა.
ადგილობრივმა მოსახლეობამ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები დააყენა - მელიორაციასთან, წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან, ბუნებრივი აირით და შეშით მომარაგებასთან დაკავშირებით. ასევე, სოფლის მცხოვრებლები დაინტერესდნენ სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკური აქტივობის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამებით.
„თქვენ იცით, რომ ასეთი შეხვედრებით ვგეგმავთ მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელიც გაითვალისწინებს მოსახლეობის საჭიროებებს. გარდა ამისა, მოსახლეობასთან შეხვედრების შედეგად შეჯამებულ ინფორმაციას დავამუშავებთ სოფლის საჭიროებებზე მორგებული სხვადასხვა ტიპის პროგრამის შემუშავებისას,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
სოფლის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას დაესწრნენ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ადიგენის მერი ზაქარია ენდელაძე, ადიგენისა და ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი სიმონ ნოზაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.
როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, მოსახლეობის საჭიროებების დადგენის მიზნით, ღია შეხვედრები ხალხთან კიდევ უფრო აქტიური გახდება და მთავრობისა და პარლამენტის წევრების ჩართულობით მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.